ირანული კომპანია საქართველოში ტრაქტორების ექსპორტით არის დაინტერესებული

ირანის ყველაზე დიდი ტრაქტორების მწარმოებელი კომპანია (ITMCO) საქართველოში ტრაქტორების ექსპორტით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ITMCO-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა არაშ მოაზენზადემ ირანში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ გვინდა საქართველოში ექსპორტი დავიწყოთ, მაგრამ მთავარია, საქართველომ გადადგას პირველი ნაბიჯი, თუ უნდათ, რომ იყიდონ ტრაქტორები. ჩვენ გვაქვს ექსპორტის განყოფილება, სადაც შეგვიძლია, საქართველოს წარმომადგენლებისთვის შეხვედრა მოვაწყოთ", - განაცხადა მოაზენზადემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე საქართველოსთან ძალიან მცირე კონტაქტი იყო და დღეს, მათ შორის, ჟურნალისტების მეშვეობით, ხდება ინფორმაციის მიწოდება.

არაშ მოაზენზადე ხაზს უსვამს, რომ საქართველო ტრაქტორების იმპორტს ძირითადად, ბელორუსიდან და რუსეთიდან ახორციელებს, თუმცა ირანულ ტრაქტორებს შეუძლია, მათ როგორც ხარისხის, ისე ფასის მხრივ, კონკურენცია გაუწიოს.

ITMCO ტრაქტორებს 1968 წლიდან აწარმოებს. ამ დროისთვის კომპანია წელიწადში 25 000 ტრაქტორს უშვებს, საიდანაც 70% ირანში რჩება, 30% კი ექსპორტზე სუდანში, ნიგერიაში, ვენესუელაში, ავღანეთში, ერაყში გადის.