მთავრობამ უკან დაიხია, გლეხი მიწას მარტივად გაიფორმებს

მთავრობამ უკან დაიხია, გლეხებისთვის მიწების რეგისტრაცია გამარტივდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ცვლილებები შევა მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, შემუშავდება მიწების აზომვის ერთიანი სტანდარტი.

მიწების რეგისტრაციის მთავრობისეულმა ვერსიამ მოსახლეობა იმდენად გააღიზიანა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის ამ პრობლემის მოგვარება ლამის მთავარი საარჩევნო დაპირება გახდა. სხვადასხვა პარტია ამომრჩევლებთან შეხვედრისას ერთ-ერთ ძირითად საკითხად სწორედ მიწების რეგისტრაციას განიხილავდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საგონებელში ჩააგდო. ამიტომაც ხელისუფლება მიხვდა, რომ რეგისტრაციის პრობლემა უფრო მარტივი, მოქნილი და მოსახლეობისთვის ხელსაყრელი გზით უნდა მოეგვარებინა.

ყვარელში მცხოვრები მარიამ ქოქიაშვილი ამბობს, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, 50 ლარი მიწის ამზომველს გადაუხადა, შემდეგ საჯარო რეესტრში სხვადასხვა დოკუმენტაციის გაკეთებისთვის დამატებითი თანხა გახდა საჭირო, რისი საშუალებაც არ ჰქონდა და ეს პროცესი შეწყვიტა.

"ალბათ მთელ საქართველოში მოსახლეობას მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ადგილას აქვს. ყველა სათითაოდ უნდა გააფორმო, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ვიცი, რომ მიწა უნდა დავირეგისტრირო, მაგრამ ამის საშუალება მომცეს სახელმწიფომ და გონივრული ფასი განმისაზღვროს", - ამბობს მარიამ ქოქიაშვილი.

იმას, რომ მიწის რეგისტრაცია საკმაოდ ძვირი ჯდება, იუსტიციის სამინსტროშიც ადასტურებენ. მინისტრმა თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზომვითი საქმიანობა გარკვეული რეგულაციების ქვეშ უნდა მოექცეს.

წულუკიანის განცხადებით, სრულდება საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, მარტივად დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც აქამდე, საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების, სხვა პროცედურების ან თუნდაც საფასურის გამო ვერ ახერხებდნენ.

"ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო პირების კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორი აზომვითი ნახაზი", - განაცხადა წულუკიანმა.

იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, ამზომველები მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი ზომავენ, ზოგი ტელეფონითაც კი, რაც მიუღებელია. ზოგიერთი ძველებურ მოწყობილობას იყენებს, ზოგი ე. წ. ჯიპიესს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და ამ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები.

მთლიანობაში, საქართველოში სულ 300-ზე მეტი ამზომველია, რომელთაც განსხვავებულ სტანდარტებთან ერთად ფასიც განსხვავებული აქვთ. "მათთან ერთად ვისაუბრეთ, რამდენი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადავიარაღდეთ. გარდა ამისა, საფასურიც გახდეს გონივრული. ზოგიერთი ამზომველი 20 ლარს ართმევს გლეხს, ზოგიერთი - 500-ს. ეს ძალიან დიდი ტვირთია," - აღნიშნა წულუკიანმა.

სპეციალისტების შეფასებით კი, არსებული კანონპროექტი შორს დგას ქვეყნის დღევანდელი საჭიროებებისგან. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა კიდევაც, რომ კანონმა წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა და წარმოდგენილი რედაქციით მისი განხილვა აღარ მოხდება.

"კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის შეფასებით, მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტები დღევანდელ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამულ) რეგისტრაციაშია. არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და სხვა კანონებში რამე ცვლილების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს", - აცხადებს კოღუაშვილი და დასძენს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც მიწის რეფორმის მიმდინარეობის საკითხზე არასწორი დასკვნებია გაკეთებული.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი მათე გარდავა სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვას გამოუსწორებელ შეცდომად მიიჩნევს. მისი ვარაუდით, სწორი იქნება, თუკი საკუთრებაში არარსებულ მიწებს სახელმწიფო კერძო სექტორს დაურეგისტრირებს.

"ერთხელ და საბოლოოდ უნდა მორჩეს ეს სამარცხვინო სპეკულაცია. არსებული მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომუნისტურ პერიოდში ამ კატეგორიის მიწებს მთლიანად სახელმწიფო განკარგავდა. დიდი სხვაობა მაინცდამაინც არ არის. ამიტომ მთავრობამ მიდგომა უნდა შეიცვალოს და დაურეგისტრირებელი მიწების პრივატიზაციის პროცესს ხელი შეუწყოს", - განმარტავს გარდავა.

2010-12 წლებში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა მიწების პრივატიზაცია, მოსახლეობამ 19 000 ჰა ფართობის დარეგისტრირება მოახდინა. ასეთი ფაქტი ქვეყანაში მანამდე არც ყოფილა. შესაბამისად, თუკი მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს და მოსახლეობას შეღავათს გაუწევს ან სულაც გააუქმებს გადასახადს და უფასო პრივატიზაციას მოხადენს, შესაძლოა 0,5 მილიონი ჰა მიწა გადავიდეს კერძო საკუთრებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მთავრობის კანონპროექტი, რომელიც მიწების რეგისტრაციის საკითხს უკავშირდება, დასრულების პროცესშია და იგი, სავარაუდოდ, პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება.

"მიწების რეგისტრაციის საკითხი იმ პრობლემების გადაჭრასაც ეხება, რომელიც უკავშირდება არასწორად დარეგისტრირებულ მიწებს, დაზუსტებულ და დაუზუსტებელ საზღვრებს, თუ როგორ გაკეთდეს და რა გაკეთდეს", - განაცხადა ხმალაძემ.

უძრავი ქონების, მათ შორის მიწების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს "ნაციონალურმა მოძრაობამაც" წარუდგინა. ამ თემაზე კანონპროექტი პარლამენტს ასევე ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" შესთავაზა. პარლამენტი სამივე ვარიანტს ერთად განიხილავს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"