სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის შესახებ ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, დღეს ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ანგარიშში მოცემულია შეფასებები 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ანგარიშის თანახმად: 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი; 2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად, ამოიღეს 37 კილოგრამი (კგ) კოკაინი და 60 კილოგრამი (კგ) ამფეტამინი; ნარკომარშრუტების მეთვალყურეობის მიზნით, 2014 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სპეციალური ანალიტიკური დანაყოფი, რომელმაც თბილისის აეროპორტში ამოღების მრავალ ოპერაციაში შეიტანა წვლილი; 2015 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიტერორისტულ დანაყოფებს ჩაუტარდათ ტრენინგი, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებში, ასევე, საქართველოს საბაჟო მომსახურებასთან გაფართოებული თანამშრომლობის საკითხებში; 2015 წლის სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ორწლიანი პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის გასავითარებლად; 2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენას განეკუთვნება კიდევ ორი ქართველი პოლიციის ატაშეს წარგზავნა გერმანიასა და ესპანეთში. უახლოეს მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების წარგზავნა პოლონეთში, ყაზახეთსა და იტალიაში; ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, 2015 წელს პოზიტიური საჯარო მესიჯების საშუალებით გაძლიერდა კამპანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშესაწყობად; ნოემბერში საქართველომ შექმნა ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს;

საქართველო ასევე იყენებს აშშ-ის მიერ განვითარებულ სასწავლო გეგმას ნარკოტიკების მომხმარებელთა თერაპიაში ჩართულ პერსონალთა ტრეინინგებისა და პროფესიონალიზაციის მხარდასაჭერად. პროგრამა ქმნის ადგილობრივი ტრენერების შტატს, რომელიც სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.