რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ ბაქოში გამართულ მინისტერიალს დაესწრო, სადაც შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა განიხილეს.

საუბარი შეეხო TANAP-ისა და TAP-ის პროექტებს, რომლებშიც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, გარდა ამისა, 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს ბუნებრივი აირის დამატებითი რაოდენობა შეღავათიან ფასად. შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის საბადო - ეს ყველაზე დიდი საბადოა აზერბაიჯანში, რომელიც კასპიის ზღვაში მდებარეობს. საბადო 1999 წელს აღმოაჩინეს, მისი რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. პირველი გაზის გაშვება მილსადენში გამიზნულია 2018 წლისთვის და ის საქართველოსა და თურქეთს მიეწოდება. ერთი წლის შემდეგ კი, ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაშიც განხორციელდება.

რას მოუტანს საქართველოს პროექტი, რომელზეც ოფიციალური სტრუქტურები დიდ იმედს ამყარებენ? - ამ საკითხის შეფასება საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რეზო არველაძეს ვთხოვეთ:

- ბატონო რეზო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის დასრულება?

- თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ შაჰ-დენიზი იგივეა, რაც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომლის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2000 წელს გაფორმდა და ის 2006 წლიდან ამოქმედდა. მისი საშუალებით თურქეთს ყოველწლიურად მიეწოდება გარკვეული რაოდენობის ბუნებრივი აირი, მაგრამ ამ პროექტის მიზანი ის კი არ იყო, რომ 5-6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თურქეთში წასულიყო, მასში ყოველწლიურად უნდა გატარებულიყო 30 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რაც ვერ შესრულდა. სწორედ ამიტომ იყო და არის ეს ჩვენთვის მიმზიდველი პროექტი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოხატა და დათანხმდა, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გასულიყო. თავისთავად ცხადია, ჩვენს ინტერესს იწვევდა ამ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები: პირველი ის, რომ გატარებული გაზის 5% საქართველოს უფასოდ დარჩებოდა და ის, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველო შეღავათიან ფასში მიიღებდა ბუნებრივი აირის გარკვეულ რაოდენობას. ცუდი ის არის, რომ საქართველო დღეს უნდა იღებდეს 1,5 მილიარდ კუბ.მ. ბუნებრივ აირს, თუ მილში ის 30 მილიარდი კუბ. მეტრი აირი გაივლიდა, რაც პროექტში იყო ჩადებული.

- ესე იგი პირობა ვერ შესრულდა?

- დიახ, სამწუხაროდ, კონსორციუმმა პირობა ვერ შეასრულა. დღეს გაზსადენში მხოლოდ 6-7 მილიარდი კუბ. მ. აირი გაედინება, რის გამოც 350 მილიონ კუბ.მ.-ზე მეტი ბუნებრივი აირი საქართველოს უფასოდ ჯერ არ მიუღია, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ შაჰ-დენიზის მეორე ფაზა ამოქმედდება დაახლოებით 2018 წლიდან და 2019 წლიდან უნდა ველოდოთ, რომ ამ მილსადენით 23 მილიარდი კუბ.მ ბუნებრივი აირი გადაეცემა, აქედან ნაწილი ევროპაში წავა, ხოლო ნაწილი - თურქეთში დარჩება, გადაცემული გაზის 5% კი საქართველოს დარჩება, რაც 1 მილიარდ კუბ. მეტრზე მეტია. ბუნებრივია, ძალიან კარგი იქნება, თუ ეს რეალურად განხორციელდება.

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება სწრაფი ტემპით იზრდება?

- დიახ, იზრდება და თანაც ისე მკვეთრად, რომ ამ ზამთარს უკვე დეფიციტი შეგვექმნა. თუმცა ეს დეფიციტი შეანელა იმან, რომ ძალიან თბილი ზამთარი იყო, თორემ ყინვიანი ზამთარი რომ ყოფილიყო, გაზის მოხმარებაზე შეზღუდვების შემოღება მოგვიწევდა. მომავალშიც, ბუნებრივი აირი გვეყოფა თუ არა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმდენად, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 პროცენტი გაზიფიცირებული უნდა იყოს, შესაბამისად ძალიან გაიზრდება ამ პროდუქტზე მოთხოვნაც. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუ 2019 წლიდან ეს დანაპირები შესრულდება, თუმცა, 23 მილიარდი კუბ.მ. არ არის 30 მილიარდი, რომელიც ამ პროექტით შაჰ-დენიზის გაზსადენს უნდა გაეტარებინა.

- ბატონო რეზო, ბოლო თვეებში ძალიან ხშირად კამათობენ თემაზე - "გაზპრომი" თუ „სოკარი“?

- მე შეგახსენებთ: ამ ორიოდე თვის წინ "სოკარის“ წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან სტუმრად და თვითონვე განაცხადეს, რომ "სოკარი" სრულად ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნილებას გაზზე. აქედან გამომდინარე, ვიღაც სხვა უნდა მოვძებნოთ, რომ ეს დეფიციტი შეგვივსოს. ვინ შეიძლება იყოს ეს სხვა? - ზოგიერთები ლაპარაკობენ ირანზე, მაგრამ ამ ქვეყნიდან გაზის მიღება დღეს აბსოლუტური უტოპიაა: ირანმა ბუნებრივი აირი ან აზერბაიჯანიდან უნდა მოგვაწოდოს, ან სომხეთიდან. ირანელებს სომხეთთან რა ხელშეკრულებაც აქვთ დადებული, იმ რაოდენობის გაზსაც ვერ აწვდიან. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან საქართველომდე ინფრასქტრუქტურა საერთოდ მოშლილია და ყველაფერი ხელახლა ასაშენებელია. გაზს ვერც ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან წამოვიღებთ, რუსეთს ამ ქვეყნებთან ისეთი ხელშეკრულება აქვს დადებული... აქედან გამომდინარე, ერთადერთ რეალურ კანდიდატად ისევ "გაზპრომი" რჩება. თუ რაღაც მიუღებელი იქნება ჩვენთვის, ხელი არ უნდა მოვაწეროთ და ეგ არის. 2019 წლამდე ბუნებრივი აირის დეფიციტი რაღაცით ხომ უნდა შევივსოთ? ამ ხანმოკლე მონაკვეთში მაინც უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა და არა ისე, რომ მუდმივად ჩამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. მით უმეტეს, რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა არ იქნება იმ რაოდენობის, რომ მთლიანად რუსულ გაზზე ვიყოთ დამოკიდებული. ამიტომ "გაზპრომის" ბუნებრივი აირი დროებით მაინც გვჭირდება. წელს თბილმა ზამთარმა გვიშველა, მაგრამ ხომ შეიძლება მომავალ წელს უფრო მკაცრი ზამთარი გვქონდეს?

ხათუნა ჩიგოგიძე