L’Oreal-ის თანამფლობელი ლილიან ბეტანკური მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალია

„ფორბსმა“ 2016 წლის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა.

გამოცემის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გასულ წელს მილიარდერ ქალთა რაოდენობა 197-დან 190-მდე შემცირდა. 31 მათგანის ქონებამ შარშან ერთ მილიარდზე ნაკლები შეადგინა, კიდევ 6 მილიარდერი ქალი გარდაიცვალა.

კრიზისის მიუხედავად, მილიარდერი ქალების რიგებს 27 ახალი მილიარდერი ქალბატონი დაემატა, სამმა კი მილიარდერის სტატუსი დაიბრუნა.

„ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, პირველი ადგილი კომპანია L'Oréal-ის თანამფლობელმა, 93 წლის ლილიან ბეტანკურმა დაიკავა, რომლის ქონებაც 36 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. ლილიან ბეტენკური ფრანგული კოსმეტიკური იმპერიის "ლორეალის" შექმნელის, ეჟენ შულერის ქალიშვილია. მან კორპორაციის მართვა 1957 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. „ფორბსის“ მონაცემებით,, ლილიან ბეტანკური მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის 11-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე ამერიკული კორპორაცია Wal-Mart Stores-ის მემკვიდრე ელის უოლტონია 32 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალით. მილიარდერი ქალი ხელოვნების ნიმუშების უმსხვილესი კოლექციონერია და საქველმოქმედო აქციებით არის ცნობილი. „ფორბსის“ ინფორმაციით, უოლტონმა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიისთვის 25 ათასი აშშ დოლარი გამოყო.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი კორპორაცია Mars-ის მემკვიდრეს ჟაკლინ მარსს ერგო. „ფორბსის“ მონაცემებით, მისი ქონება 23,4 აშშ მილიარდი დოლარია. ჟაკლინ მარსი ორ მძასთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი საკონდიტრო კომპანიის - „მარსის“ მფლობელია.

იტალიელი მარია ფრანკა პისოლო „ფორბსის“ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. მისი ქონება 22,1 მილიარდი აშშ დოლარია. პისოლო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბრენდული ტკბილეულის, „ფერერო ჯგუფის“ კომპანიის დამფუძნებლის, მიშელ ფერეროს ქვრივია.

მეხუთე ადგილზე გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი სიუზან კლატენი აღმოჩნდა 18,5 მილიარდი აშშ დოლარით. უზარმაზარი ქონება მან მამისგან მიიღო, რომელმაც ქალიშვილს ავტოკონცერნ BMW-ს აქციების 12,6 % აჩუქა.