ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთის კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთის კანონთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება, საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.

უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და "საქართვეელოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ" გააცნო.

"შეხვედრაზე თენგიზ შერგელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, სტატუსის მიღების წესზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა წარმოდგენილი", - აცხადებენ უწყებაში.