ოთარ დანელია რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა მხარის გუბერნატორ პაპუნა უგრეხელიძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძეთან ერთად ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "ბლაუენშტაინ საქართველოს" ხორცის გადამამუშავებელი საწარმო კომპელქსი დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა. ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია კი, რეგიონებში მესაქონლეობის დარგის წახალისების სამაგალითო პროექტია. აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს მზარდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით კი, მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით.

,,ქართულ-შვეიცარიული საწარმო არის მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. კომპანიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და ფერმების შექმნა, კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა, მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი, ისევ კომპანია იბარებს. გვსურს ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში დავნერგოთ, რადგან ეს მნიშვნელოვნად განავითარებს მეცხოველეობის დარგს, ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის გაზრდას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველო" რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში - შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს ფლობს, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ-მდე აღწევს.

როგორც კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველოს" დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებულია. საწარმო აღჭურვილია შვეიცარულ-ფრანგული უახლესი აპარატურით.

,,საქართველოში პირველად, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ" თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ე.წ. "დამწიფებული ხორცის" წარმოება დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, 14-21 დღის განმავლობაში ხორცის განთავსება შესაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში ხდება, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები ხორცილდება. საწარმოში სანიტარიულ-ჰიგიენური ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული", - აღნიშნა ირაკლი კერვალიშვილმა.