როგორი იქნება პუშკინის ქუჩის ესტაკადა (ვიდეო)

პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი სპეციალური მასალით არის შეფუთული.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობის მიზნით მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

"პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია CRP აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.