LinkedIn-ის დირექტორმა საკუთარი პრემია 14 მილიონი დოლარი თანამშრომლებს აჩუქა

სოციალურ ქსელ LinkedIn-ის დირექტორმა ჯეფ ვეინერმა უარი თქვა ტოპ-მენეჯერებისთვის წლის ბოლოს განკუთვნილ საკომპენსაციო პაკეტზე და 14 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური პრემია თანამშრომლებს დაურიგა.

„ჯეფმა საკუთარი სურვილით თქვა აქციებზე უარი და საკომპენსაციო კომიტეტს თხოვნით მიმართა, მთელი თანხა - 14 მილიონი დოლარი თანამშრომლებისთვის დაერიგებინათ“, - აღნიშნა კომპანიის პრეს-მდივანმა ჰანი დარციმ.

მისივე თქმით, არსებული კრიზისის პერიოდში აღმასრულებელ დირექტორს სურს, რომ თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ნდობა არ დაკარგონ. გასულ წელს ვაინერმა წლიური კომპენსაციის სახით 13 მილიონი დოლარის პრემია მიიღო.

თებერვალში LinkedIn-ის აქციები დაახლოებით 43%-ით დაეცა, რის გამოც კომპანიამ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალიზაცია დაკარგა. სოციალური ქსელის წმინდა ზარალმა ფინანსური წლის ბოლოს კი 166 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის ოქტომბერში „ტვიტერის“ აქციების ვარდნის შემდეგ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსიმ თანამშრომლებს 200 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები აჩუქა.