დავით ბაქრაძე - იტალია საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე მხარს უჭერს

იტალია საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე მხარს უჭერს , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ იტალიაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სადაც ის სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, ბაქრაძემ რომში ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილესთან, ბენედიტო დელა ვედოვასთან და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ევროპული კავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან, ჯუზეპე პუჩინო გრიმალდისთან.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა იტალიის მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

"იტალია არის სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს უვიზო რეჟიმის მიღების გზაზე, უჭერს მხარს მის ევროპულ ინტეგრაციას და რასაკვირველია, მის ინტეგრაციას ნატო-ში. განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს განხილვა ვარშავის სამიტის წინ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, ასევე, მონაწილეობა მიიღო იტალიელთა და ქართველთა ერთობის ასოციაციის "წმინდა გიორგის ფარი" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში "Georgia One". ღონისძიებაზე იტალიის ბიზნეს და აკადემიური წრეების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო პროექტებში საქართველოს პერსპექტივებზე, შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი წიგნის "საქართველოს ევროპული გზები" პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს კრებული გამოცემის რედაქტორმა ზურაბ ქარუმიძემ და ერთ-ერთმა ავტორმა, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა წარუდგინეს.

გამომსვლელებმა ევროპულ-ქართული ისტორიულ და თანამედროვე ეთნო-კულტურულ მსგავსება-განსხვავებასა და კრებულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დამსწრე საზოგადოებისთვის დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ღონისძიება იტალიელი კომპოზიტორის ანდრეა მორიკონეს მუსიკალური წარმოდგენით დასრულდა.