საქართველოს რუსეთიდან ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს რუსეთის ფედერაციიდან 16 ტუროპერატორი და მედიის 13 წარმომადგენელი ეწვია.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 4 დღის განმავლობაში რუსეთის უმსხვილესმა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, მაღალრეიტინგული ჟურნალ-გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და რედაქტორებმა თბილისის ისტორიული უბნები, მცხეთა, გუდაური და კახეთის რეგიონი დაათვალიერეს.

მათივე ინფორმაციით, ტურის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი სამთო კურორტებზე გაკეთდა. საინფორმაციო ტურის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის საკითხები განიხილეს.