"საქართველოს განვითარების ფონდი" იმედოვნებს, რომ პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული იქნება

"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, მთავრობამ დროულად გადახედოს და გაზარდოს საგადასახადო კოდექსში არსებული ზოგიერთი ზღვარი, რაც წაახალისებს მცირე ბიზნესს და მას გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

"საქართველოს განვითარების ფონდი" იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ორიენტირებული იქნება შედეგზე და არ მიიღებს "შეხვედრა შეხვედრისთვის" სტატუს, რასაც ხშირი ხასიათი აქვს" ,- განაცხადა "საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ყიფიანმა.

როგორც "საქართველოს განვითარების ფონდში" აცხადებენ, ფონდის წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობას, გაატარონ ცვლილებები და გაზარდოს საგადასახადო კოდექსში არსებული ზოგიერთი ზღვარი, მათ შორის კოდექსის 157-ე მუხლში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს 200 000 ლარამდე; 84-ე მუხლში მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისთვის დაწესებული 30 000 ლარიანი ზღვარი უნდა გაორმაგდეს და გახდეს 60 000 ლარი; 88-ე მუხლით განსაზღვრული 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება, უნდა გაიზარდოს 200 000 ლარამდე.

ამავდროულად, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო საგადასახადო კოდექსში გასაზრდელია სხვა ზღვრებიც: ცვლილებას მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი, რომლითაც საფოსტო გზავნილები გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან. მასში არსებული 300 ლარიანი ზღვარი 600 ლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც ონლაინ-მაღაზიებით მოსარგებლე ფიზიკურ პირებს საზღვარგარეთ საქონლის შეძენისა და დაბეგვრის გარეშე მიღების საშუალებას მისცემს; მოძველებულია 206-ე მუხლი, რომლის თანახმად ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია პირი, რომლის ოჯახის საერთო შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. ზღვარი უნდა გაიზარდოს და გახდეს 80,000 ლარი.