მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შესაძლოა, რეგულაციები დაუწესდეთ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მარტში გაიმართება.

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტში მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება საუბარი.

,,დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ფაქტობრივად, რეგულაციების ქვეშ არ არიან. მართალია, ონლაინ სესხებისგან განსხვავებით, ეროვნულ ბანკს ექვემდებარებიან, მაგრამ გარდა რეგისტრაციისა, სხვა მიმართულებით რაიმე რეგულირება არ ხდება. ჩვენ ონლაინსესხების ორგანიზაციებთან მიმართებაშიც სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება", - აცხადებს ებანოიძე.

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმებზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, მთავრობას კანონპროექტი ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხის რეგულირების განხილვა 2016 წლის სამოქმედო გეგმაშია შეტანილი და მთავრობასთან კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში აპირებს.

გასული წელს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სახელით, ნოდარ ებანოიძემ რეკომენდაციებისთვის მსოფლიო ბანკსაც მიმართა. თუმცა, ებანოიძის განმარტებით, მოლაპარაკებები სხვადასხვა მიზეზის გამო შეფერხდა.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე