თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში ჩინელ ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი, ირაკლი ლექვინაძე, ასევე საკრებულოს დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მათივე ცნობით, ჩინურმა მხარემ საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების მშენებლობისა და წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის კუთხით ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატა.

"განვიხილეთ მეტად საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ ერთობლივი ძალებით. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა, ესტაკადები, რაც წაადგება ჩვენს ქალაქს სატრანსპორტო კვანძების დარეგულირებაში. ჩვენ განვიხილავთ თითოეულ წინადადებას", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.