დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე ინვესტორისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხზე ისაუბრა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე ინვესტორისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხის შესახებ ისაუბრა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. გარდა ამისა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მოხდა 145 დევნილი ოჯახისთვის ბინების და 215 ეკომიგრანტისთვის უძრავი ქონების გადაცემა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე საინვესტიციო პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, შპს "აგროარომას" ახმეტის მუნიციპალიტეტში გადაეცა ქონება, რომელშიც 324 000 ლარს გადაიხდიან და 1 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ასევე საინვესტიციო ვალდებულების შესაბამისად, 62 ადამიანს დაასაქმებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიწყება ეთერზეთებისა და ტექსტილის წარმოება.

"ასევე ჩვენ წინა წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, გვექნებოდა აკვა პარკი და გასართობი ცენტრი. დღეს ჩვენ გამოვიტანეთ აღნიშნული პროექტი. ეს არის "ჯინო ველნეს გრუპისთვის" 76 000 კვადრატული მეტრის გადაცემა, აღნიშნული კომპანია ამ ქონებაში 500 000 ლარს გადაიხდის. 1 900 000 ლარად არის შეფასებული, 4 200 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებას აიღებს და მოაწყობს აკვა ცენტრს. აქ ჩვენ გვექნება დასასვენებელი და გასართობი პარკი, რესტორანი, კაფე, ღია და დახურული ტიპის აუზები, ფიტნესი, გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო ზონა. ასევე კომპანია შემდეგი 5 წლის მანძილზე 20 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას აიღებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განსახორციელებელ პროექტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტორს ქალაქ რუსთავში მდებარე ქონება გადაეცემა, რომელიც შეფასებულია 424 000 ლარად.

პროგრამა "აწარმოე საქართველოდან" გამომდინარე, 1 700 000 ლარის ინვესტიციები განხორციელდება და გააკეთებენ პლასტმასის წარმოებას, მათ შორის, პლასტმასის მილებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.