თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა, "ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ნაფეტვარიძემ განაცხადა, მერია ბევრ სტუდენტს დაფინანსებაზე უარს ეუბნება.

"უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს მედიკამენტის შეძენას, სტუდენტებს შეუწყვიტეს სტატუსი, რადგან ვერ გადაიხადეს საფასური და ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ჩინოვნიკების შვილების დაფინანსება. ისინი არ უნდა ფინანსდებოდნენ იმიტომ, რომ არიან ქალაქის მერის მეგობრები, ან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ნარმანიამ პასუხი უნდა გასცეს ამ ადამიანებს, თუ რატომ უთხრა უარი დაფინანსებაზე სტუდენტს და რატომ მისცა მისი მეგობრის შვილს 5 ათასი ლარი საფრანგეთში ცხოვრებისა და გართობისთვის", - განაცხადა დავით ნაფეტვარიძემ.

აქციის წევრებმა დავით ნარმანიას სახელზე მერიაში განაცხადი შეიტანეს და იმ სტუდენტების დაფინანსება მოითხოვეს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.