კახა კალაძე - ქართულმა მხარემ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ "გაზპრომს" ძველი კონტრაქტის პირობებში დარჩენა შესთავაზა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები არ არის დასრულებული, შესაბამისად, ხელშეკრულებაც არ არის გაფორმებული.

"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება, რომლის პირობებია ის, რომ დავრჩეთ ისევ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ 10% ბუნებრივი აირი ნედლეულის სახით მივიღოთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს.

"საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, რაც იქნა გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მომავალი შეხვედრა.