ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. სოფლების მუხაესტატეს, წყავროკას, ოჩხამურისა და ცეცხლაურის მცხოვრებლები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ და ნაგავსაყრელის მშენებლობის სხვა ტერიტორიაზე დაგეგმვა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ნაგავსაყრელის გაკეთებას დასახლებებთან ახლოს გეგმავს, სადაც სკოლა და საბავშვო ბაღია. მათივე განცხადებით, ტერიტორია დაიკავებს სახნავ-სათეს მიწებს და წყაროს წყლების სოფლამდე მისვლას შეუშლის ხელს, რითაც დაზარალდება მოსახლეობა.

აქციის მონაწილეებს უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი ანზორ თხილაიშვილი შეხვდა და დაპირდა, რომ კიდევ ერთხელ მოიწვევს ექსპერტებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ და გაარკვევს, რამდენადაა დაცული ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.