კახა კალაძე - "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდა

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს შეუმცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი.

როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ბუნებრივი აირის მზარდი მოხმარების გამო დღის წესრიგში დადგა დამატებითი მოცულობების მოძიების საკითხი.

"რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი მოცულობის საქართველოსთვის უშუალოდ ე.წ. შაჰდენიზიდან მოწოდების შესახებ. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტექნიკური შეზღუდვის გამო არსებული პრობლემა აღმოეფხვრა და მათი მხრიდან დამატება შესაძლებელი გახდა, სამხრეთ-კავკასიური, იგივე "შაჰდენიზის" მილსადენის საშუალებით. ჩვენ ვაფასებთ და სრულად ვაანალიზებთ იმ პარტნიორულ, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ჩვენი მეგობრების მხრიდან, მათ მუშაობას იმისთვის, რომ მოეძებნათ საშუალება კომპანია "სოკარისთვის" გაეზრდათ შემოსატანი გაზის მოცულობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად შემცირდა "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი. გარდა ამისა, "სოკარი" მზადყოფნას გამოთქვამს, 35-40 დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის მიწოდების ფასი. მიმდინარე შეთანხმებები არის ნათელი დემონსტრირება იმ მეგობრობის და კეთილმეზობლური დამოკიდებულების და საერთო სტრატეგიული ინტერესების, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, რაც ურყევი და შეუცვლელია მომავალში", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონირებისა, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მხრიდან მცდელობისა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა და პოლიტიკური თუ ბიზნესურთიერთობები სათავისო დემაგოგიისთვის გამოეყენებინათ, არ განხორციელდა. "უშუალოდ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიონალურად წარმართეს ეს პროცესი", - განაცხადა კალაძემ.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგებით უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის, ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. მადლობა საქართველოში მოქმედ კომპანიებს. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არ აჰყვა გარკვეული პირების დემაგოგიას. მადლობა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.