საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია "სოკარს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "სოკარს" გაუჩნდა დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა", - აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.

დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "სოკარს" შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად, საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, სოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.