როვნაგ აბდულაევი - "სოკარი" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს

"სოკარი" საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას განაგრძობს, - ამის შესახებ "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც როვნაგ აბდულაევმა აღნიშნა, კომპანია "სოკარი" წლებია საქმიანობს საქართველოში და 10 წელია დიდ ინვესტიციას ახორციელებს.

"სასიამოვნოა, რომ ჩვენი ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განახლდა და გვაქვს მომავლის ხედვები. გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სტაბილურად საქართველოს გაზმომარაგებას", - განაცხადა აბდულაევმა.

როვნაგ აბდულაევმა მადლობა გადაუხადა "სოკარის" თანამშრომლებს, რომლებმაც, მისი თქმით, მაღალი ხარისხის კონტრაქტი მოამზადეს.

ამასთან, "სოკარის" პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს, რომლებმაც ამ საქმეში დაგვიჭირეს მხარი და ამ ხელშეკრულების შედგენაში დიდი წვლილი მიუძღვით. "სოკარი" განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და კომპანია მრავალ ინვესტიციას ჩადებს საქართველოში", - განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.