კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შემოტანის საჭიროება არ არის

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შემოტანის საჭიროება არ არის. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს "სოკარის" პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეეხება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასს, კახა კალაძის თქმით, შემუშავებული იქნა სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვითაც, მოხდება ფასების დარეგულირება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე.

"რაც შეეხება ქვეყანაში დამატებითი მოცულობების შემოტანას, ჩვენი მხრიდან, როვნაგ აბდულაევის, "სოკარ საქართველოს" მხრიდან, არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა ტექნიკური პრობლემა დამატებითი მოცულობების შემოტანასთან დაკავშირებით, თუმცა "სოკარის" თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღწეული იქნა გადაწყვეტილება კონსორციუმთან, რომელშიც გაწევრიანებულია საერთაშორისო ნავთობკომპანიები და ოპერირებას უწევს შაჰდენიზის მილსადენს, რომ დამატებით დაახლოებით, 500 მილიონი კუბური მეტრის გაზის მიწოდება შესაძლებელია შაჰდენიზის მილსადენიდან. ანუ ის პრობლემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მე მგონი რწმუნდებით, რომ მართლა იყო. თითონ "სოკარსაც" არაერთხელ გაუკეთებია განმარტებები, თუმცა გარკვეული ადამიანების დაჯგუფებები თავის თეორიებს იგონებდნენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იყოს შესაძლებელი და ქართული მხარე ამას არ აკეთებდა. ეს იყო დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე, რაც დღესაც დამტკიცდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შემოტანა ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს.

"საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, რაც იქნა გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.