სურსათის ფასის ინდექსი თებერვალში სტაბილურია

მსოფლიოში სურსათზე ფასები სტაბილური დარჩა თებერვლის თვეში. შაქარსა და რძის პროდუქტზე შემცირებულმა ფასმა, მცენარეულ ზეთზე მომატებული ფასები დააბალანსა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) იტყობინება.

აღნიშნული ორგანიზაციის სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეულ ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. თებერვალში სურსათის ფასის ინდექსმა 150.2 ქულას მიაღწია, ანუ თითქმის უცვლელი დარჩა იანვარში გამოცხადებული 150.0 ქულის შემდეგ, თუმცა 14.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

FAO პირველ პროგნოზს 2016 წლის  ხორბლის მოსავალთან დაკავშირებითაც აქვეყნებს. წელს მსოფლიოში 723 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან, რაც 10 მილიონი ტონით ნაკლებია გასული წლის მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით.

თებერვალში ყველაზე მკვეთრი ცვლილება მცენარეულ ზეთებზე აღინიშნა, რაც გასულ თვესთან შედარებით, ზეთზე FAO-ს ინდექსის 8.0 პროცენტიანი ზრდით გამოიხატა. ეს ზრდა დააბალანსა FAO-ს ინდექსმა შაქარზე, რომელიც 6.2 პროცენტით დაეცა იანვრის შემდეგ, რაც განპირობებულია მსოფლიოში შაქრის სოლიდური მარაგებითა და კარგი მოსავლიანობით ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება.

FAO-ს ფასის ინდექსი შემცირდა რძეზე 2.1 პროცენტით, ხორბალზე - დაახლოებით 0.5 პროცენტით, ხორცზე კი მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა ავსტრალიიდან და შეერთებული შტატებიდან მომარაგების შემცირების გამო. რაც შეეხება ფასს ფრინველის ხორცზე, მისი ფასიც მცირედ დაეცა, მიზეზად, ფრინველის საკვებზე ფასის შემცირება სახელდება.