"ბათუმის წყლის" დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

"ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს "ბათუმის წყლის" დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.