"ბათუმის წყლის" დირექტორი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს

"ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც ალექსანდრე მიქელაძემ კომპანიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის წყალთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გამო თანამდებობას ტოვებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან.

მისივე თქმით, კომპანიის რეპუტაცია მნიშვნელოვანია და აუცილებელია დადგინდეს ჭეშმარიტება. "შპს "ბათუმის წყალთან" დაკავშირებული მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გამოვხატავ სრულ მზადყოფნას, ვითანამშრომლო სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, მივაწოდო სრული და ობიექტური ინფორმაცია მომხდარი ფაქტის ირგვლივ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გამოძიების დასრულებასა და შესაბამისი უწყებების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებამდე დავტოვო თანამდებობა, რათა ხელი არ შეეშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და დაცული იყოს შპს "ბათუმის წყლის" რეპუტაცია და პირადად ჩემი ღირსება", - აღნიშნა ალექსანდრე მიქელაძემ.

გადადგომის შესახებ განცხადებით მიქელაძემ ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვსაც მიმართა. მისი განცხადება ბათუმის მერმა უკვე დააკმაყოფილა.

"ბათუმის წყლის" დირექტორის მოვალეობას კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, თეიმურაზ ბედინაძე შეასრულებს.

ბათუმის წყლის" დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოითხოვა.

კვირიკაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და საკითხის დეტალურად გარკვევა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაავალა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბათუმის წყლის" დირექტორ ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.