შპს "ამი 2014"-ის თანამშრომლებმა ზუგდიდში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

შპს "ამი 2014"-ის თანამშრომლებმა, რომლებსაც ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შესაბამისი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ, მერიის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს და საგამოძიებო უწყებაში მათი საქმის გამოძიების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გაუსაძლის პირობებში არიან და კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც, მათივე განმარტებით, "არ იციან, სად გაქრა".

მოგვიანებით "ამი 2014"-ის თანამშრომლებმა კვლავ მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია შეხვდა. მერის განცხადებით, უწყებას არც ერთი კომპანიის მიმართ დავალიანება არ გააჩნია და მუშების მიმართ ფინანსური ვალდებულება "ამი 2014"-ს აქვს.

ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერი კომპანია "გზამგებმა" მოიგო, რომელმაც სამუშაოების ჩატარება ქვეკონტრაქტორ კომპანია "ამი 2014"-ს დაავალა.