მარნეულსა და ახმეტაში ახალი საწარმოები გაიხსნება

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" შპს "კარიერი 2015"-ს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მდებარე 31232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე შპს "კარიერი 2015" მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის მიზნით 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, საწარმოში მოხდება ყველა სახის შეღებილი და შეუღებავი ბუნებრივი ქვიშის წარმოება. კომპანია წლიურად არანაკლებ 100 000 კუბური მეტრი ბუნებრივი ქვიშის წარმოებას შეძლებს.

რაც შეეხება ახმეტას, სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის საწარმო შეიქმნება.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" შპს "აგროარომა ჯგუფს" 324 000 ლარად ქალაქ ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 70754 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცა.

შპს "აგროარომა ჯგუფი" ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში სულ მცირე 62 ადამიანი დასაქმდება. პროდუქცია გათვლილია ევროპის და ამერიკის ბაზრებზე გასატანად", - აცხადებენ სამინისტროში.

სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფომ მხარი დაუჭირა უკვე 152 საწარმოს.