10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, რეისებს ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ახალი 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი - მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია "Vanilla sky"-ში.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის - 35 ლარი, ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება.

ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია - ქუთაისი და ქუთაისი - მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის - 28 ლარი, ჩვილებისთვის - უფასო.

ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის - 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა.