უმიწოდ დარჩენილი ქართველი „კაცია"?!

მორდეკაი რიჩლერის დადი კრავიცის სწავლება მოგვითხრობს „კვებეკში, მონრეალში გაზრდილი ღარიბი ებრაელი ბიჭის ამბავს... ბაბუამ დადის ბავშვობაში ასწავლა, რომ „კაცი მიწის გარეშე არავინაა“ და მასაც სჯერა, რომ მიწა არის ცხოვრების უმთავრესი მიზანი და საშუალება, რომ ადამიანი რამეს წარმოადგენდეს“ (ვიკიპედია)“

დადი კრავიცის მსგავსად, არც ქართველებს არ უნდათ თავიანთ მიწის ნაკვეთთან განშორება, რამდენადაც მცირე და არაპროდუქტიულიც არ უნდა იყოს იგი. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უკვე დიდი ხანია, არავითარი სტრუქტურული ცვლილება არ ხდება, რის გამოც სექტორის პროდუქტიულობა დაბალია, რაც საზოგადოების ყველაზე ღარიბ ფენებს შემოსავლების გარეშე ტოვებს. დღეისთვის სოფლის მეურნეობაში დასაქმების (უფრო მართებული იქნებოდა, არასაკმარისი დასაქმების) მაჩვენებელი შემაძრწუნებელია: სექტორში დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 45%.

როგორც აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია, „სოფლის მეურნეობაში ჩარჩენილი მეტისმეტად ბევრი ქართველი“ იყო სააკაშვილის მთავრობის მოდერნიზაციის იდეოლოგიის უმთავრესი პოსტულატი. ამიტომ იმისთვის, რომ საქართველო დასწეოდა დასავლეთს, ქვეყანას მოუწია მიწის კონსოლიდაციისა (მცირე, 1 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთების ადგილზე მსხვილი კერძო ფერმების შექმნა, რაც წარმოადგენს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საკუთრების ძირითად ფორმას) და ურბანიზაციის პროცესის გავლა. შედეგად მივიღეთ ლაზიკის მსგავსი ახალი ქალაქების შენების იდეა და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის აქტიური უგულებელყოფა (რათა მცირე მიწის მფლობელები ჩამოეშორებინათ სოფლის მეურნეობისთვის). როდესაც, ბოლოს და ბოლოს, 2010-2012 წელს მთავრობამ დაიწყო სოფლის მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების დარიგება, ეს წმინდა პოლიტიკური მიზნებით გაკეთდა.

ქართულ სოფლის მეურნეობას აქვს პოტენციალი, იყოს უფრო ეფექტური, როგორც ერთ სულ მუშაზე, ისე ერთ ჰექტარზე. თუმცა ეფექტურ სოფლის მეურნეობას, რაც საქართველოში შეიძლება განვითარდეს, სულაც არ სჭირდება „მიწის კონსოლიდაცია“. ქართველ მცირე მიწის მფლობელებს არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ მსოფლიოს, ვთქვათ, სოიოსა და სიმინდის წარმოებაში, სადაც მასშტაბს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არც უნდა ცდილობდნენ ამას. საქართველოს შეიძლება ჰქონდეს უპირატესობა ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაში, როგორიცაა ბრენდული ალკოჰოლი, აბრეშუმი, თაფლი, ყველი, ელიტური ჩაი, ან ორგანული ვაშლი, ციტრუსი და თხილი, სადაც წარმოების ხარჯები არ არის დამოკიდებული მასშტაბებზე.

თუმცა წარმატების მისაღწევად ქართველ გლეხებს მოუწევთ, გახდნენ უკეთესები ფერმერები. მათ უნდა ჰქონდეთ უკეთესი ორგანიზაცია, გამოიყენონ მასშტაბის ეკონომიკა ფინანსებზე, წარმოების საშუალებებსა და მომსახურებებზე, ერთობლივ გადამუშავებასა და მარკეტინგზე წვდომის მისაღებას. დიახ, ისინი უნდა გახდნენ პროფესიონალი ფერმერები.

საქართველოს სჭირდება დინამიური მიწის ბაზარი!

საქართველოსთვის (და გლეხებისთვის) სამწუხაროდ, საქართველოს სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს პროფესიონალობამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავისა თუ სხვების დახმარება. და მაინც, ისინი ვერ ელევიან თავიანთ მცირე მიწის ნაკვეთებს, მიწისადმი სენტიმენტალური დამოკიდებულებისა თუ მომგებიანი ურბანული დასაქმების შესაძლებლობათა სიმწირის გამო.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ქართულ სოფლის მეურნეობას სასწრაფოდ სჭირდება ახალ სისხლი – უცხოეთში განათლებამიღებული პროფესიონალები თუ ბაია აბულაძისა და მისი მეგობრების მსგავსი ახალგაზრდა ენთუზიასტები. ერთის მხრივ, საჭიროა მიწის გარკვეულ დონეზე კონსოლიდაცია და ეტაპობრივი გადასვლა ინდუსტრიული ფერმერობის მეთოდებზე (როგორც ხდება, მაგალითად, კახეთში). მეორეს მხრივ, საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს საოჯახო ფერმების განვითარებას. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება ეფექტური საბაზრო მექანიზმების გარეშე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მიწა სოფლის მეურნეობაში ჩარჩენილთაგან პროფესიონალების ხელში გადავიდეს.

ამიტომ მილიონდოლარიანი კითხვა შემდეგია: რა შეიძლება გაკეთდეს ქართული მიწის ბაზრის გამოსაცოცხლებლად?

უცხოური ჩარევა? სააკაშვილის მთავრობამ 2010-2012 წლებში სცადა პრობლემის ძალიან ორიგინალური, მიშასეული გზით მოგვარება. იდეის მთელი არსი გულისხმობდა ფასების გაზრდას მიწაზე დახარბებული უცხოელებისთვის მიწის ბაზრის გახსნით (ზოგიერთს თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს მოქალაქეობაც კი მიანიჭეს). მათ ეგონათ, რომ ქართველი იძულებით ფერმერები მაშინვე გაყიდდნენ მიწას, როგორც კი ფასები გაიზრდებოდა.

თავიდან ეს თითქოს კარგი იდეა იყო. მიშას მოწვევას მალევე გამოეხმაურენ სამხრეთ აფრიკელი ბურები, ეგვიპტელები, პენჯაბი და ირანელი ინვესტორები. მთავრობა სწრაფად მობილიზდა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი მიჰყიდა უცხოელ ფერმერებს. დამატებითი მიწის ხელში ჩაგდება შესაძლებელი იყო მეორად ბაზარზე, ქართველი შუამავლების დახმარებით, რომლებიც მაშინვე გამოჩნდნენ ასპარეზზე, როგორც კი ხელსაყრელი შესაძლებლობები გამოჩნდა.

თუმცა ამ სტრატეგიამ მაშინვე გამოიწვია უკურეაქცია, როგორც კი უცხოელმა ფერმერებმა იმ სასაძოვრე მიწების შემოღობვა და დამუშავება დაიწყეს, რომელთაც ადგილობრივები საკუთარი პირუტყვისთვის იყენებდნენ. გაყიდვისა და ქალაქში წასვლის ნაცვლად, სოფლის მოსახლეობამ დაიწყო შემოღობილ საკუთრებაზე იერიშის მიტანა. ამას მოჰყვა უსიამოვნო ინციდენტების სერია და შეტაკებები მიწის ახალ მფლობელებსა და პოლიციასთან. 2013 წლის ივნისში საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ეს თავი დამთავრდა სამარცხვინო მორატორიუმით, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას უზღუდავდა.

იხილეთ გაგრძელება