ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში

ხორცისა და ხორცპროდუქტების სავალდებულო ეტიკეტირების წესი 2017 წლიდან ამოქმედდება. როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, კახა სოხაძემ განაცხადა, ეს ნორმატიული აქტი აბსოლუტურად ცივილიზებული და საჭირო დოკუმენტია, რომელიც ხორცის სამომხმარებლო ბაზარს მოაწესრიგებს:

”ეს ნორმატიული აქტი შეეხება ხორცის ეტიკეტირებას. მოგეხსენებათ, DCFTA-ის ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში ხდება ამ ნორმატიული აქტების მიღება. ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული და საჭირო დოკუმენტი, რომელიც ხორცის სამომხმარებლო ბაზარს მოაწესრიგებს, ცხოველთა სასაკლაოდან საბოლოო მომხმარებლამდე”, - აღნიშნავს კახა სოხაძე და დასძენს, რომ როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესოპერატორებისთვის ეტიკეტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მისივე თქმით, ეტიკეტირება სასაკლაოდანვე განხორციელდება: ”სასაკლაოდანვე მოხდება ტანხორცების, მეოთხედი ტანხორცების ეტიკეტირება. განთავსებული იქნება ინფორმაცია დაკვლის თარიღის შესახებ, ბიზნესოპერატორის შესახებ, ვინც განახორციელა დაკვლა, ვარგისიანობის ვადის შესახებ, ცხოველის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ცხოველის ჯანმრთელობასთან”.

კახა სოხაძის თქმით, ბიზნესოპერატორისთვის აღნიშნული ინფორმაციის ეტიკეტზე განთავსება ერთგვარი დამცავი მექანიზმია. ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბევრი მათგანი უკვე ახორციელებს ეტიკეტირებას.

სავალდებულო ეტიკეტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო დაარეგულირებს.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე