კომპანია Bugatti მომგებიანი იქნება

2005 წელს, მაშინ როდესაც ფრანგულმა ჰიპერავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Bugatti-მ მისი ერთადერთი მოდელის Veyron-ის წარმოება დაიწყო, მალევე ითქვა, რომ მისი მფლობელი კონცერნი ” Volkswagen” თითო გაყიდულ მოდელზე იმაზე მეტს კარგავდა, ვიდრე შემოსავალს იღებდა. შესაბამისად, მთელი 10 წლის განამვლობაში 1,1 მილიონ დოლარად ღირებული ავტომობილი წამგებიანი იყო და მისი 500 ერთეულის გაყიდვიდან დანაკარგმა ასობით მილიონს მიაღწია.

ყოველი გაყიდული Veyron კომპანიისთვის 4-6 მილიონის დანაკარგს ნიშნავდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი წარმოება არ შეჩერებულა.

Chiron-ის შემთხვევაში კი ვითარება შეიცვალა, პირველ რიგში ცნობილია, რომ ავტომობილი სულ მცირე 2,4 მილიონი დოლარი ეღირება, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი, რომ არა კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც კომპანიაში მარტივად ასე ხსნიან: ”წარმოიდგინეთ, როდესაც გყავთ პირველი შვილი ოჯახში, ამ დროს თქვენ ყველაფრის ყიდვა გიწევთ, ხოლო მეორე შვილის შემთხვევაში, ნივთების უმეტესობა თავიდან საყიდელი არ გაქვთ, ვინადან იყენებთ ადრე ნაყიდ ნივთებს. ასეა ახალი მოდელის შემთხვევაშიც და შესაბამისად, ყოველი გაყიდული ავტომობილი უკვე მოგების მომტანი იქნება”, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ვოლფგან დურხაიმერი.

კოკა კვირკველია