ნოდარ ხადური ფრანსის მალეჟესა და ბრუნო ბალვანერას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განმკარგულებელ დირექტორს ფრანსის მალეჟესა და კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსის წარმომადგენლობების დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყანაში ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მიერ განიხილება ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა.

ბანკის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას",  - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის მიმართულებით მხარდაჭერა გაუწიოს.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს" შორის თანამშრომლობის შედეგად, 2014 წელს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები პრაქტიკულად გაორმაგდა და 200 მილიონ ევროს გადააჭარბა, თანამშრომლობის 23 წლის განმავლობაში კი ბანკის ინვესტიციებმა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა.