"ამაზონი" საკუთარი ბრენდის ტანსაცმელს გაყიდის

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინმაღაზია „ამაზონმა“ საკუთარი ბრენდის ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, „ამაზონი“ტანსაცმლის მწარმოებელი შვიდი კომპანიის პროდუქციას იყენებს, მათ შორისაა Franklin Tailored და Lark & Ro. საკუთარი ბრენდის ფარგლებში 1 800-ზე მეტი სახის პროდუქცია ინტერნეტით უკვე იყიდება. მათ შორისაა, ქალის კაბები, ჩანთები, მამაკაცის ფეხსაცმელები, ბავშვების ტანსაცმელი და აქსესუარები.

„ისინი მყიდველისთვის ხელმისაწვდომია, ქალის კაბები, მაგალითად, 100 დოლარზე ნაკლებად იყიდება, მამაკაცის პიჯაკები კი 300 დოლარზე ნაკლები ღირს. ჩვენ ხარისხზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, როგორც ჩანს, არ არის ცუდი“, - წერს „ბიზნეს ინსაიდერის“ ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ მყიდველს გაუჭირდება „ამაზონის“ ბრენდის ამოცნობა ყიდვისას, ვინაიდან პროდუქციას არ აქვს მითითებული, რომ იგი „ამაზონის“ მიერ კონტროლირებად ბრენდებს ეკუთვნის.