კახა კალაძე რუსთავში საწარმო AG Microelectronics-ს ესტუმრა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან ერთად, დღეს რუსთავში, საწარმო AG Microelectronics-ს ესტუმრა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძე ქარხანაში ახალი პროდუქციის - ენერგოეფექტური ნათურების წარმოების პროცესს დეტალურად გაეცნო.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კეთდება საქართველოში, დასაქმებული არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, დაახლოებით 30 ახალგაზრდა. მნიშვნელოვანია ის პროდუქტი, რომელიც აქ იწარმოება, ეს არის ნათურები, პლატები, რესივერები. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ საწარმოს და ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა იმისთვის, რომ განვითარდეს, უფრო გაიზარდოს, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და სამომავლოდ წარმოებული პროდუქცია იქნას გამოყენებული პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში. საწარმო ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული სამმილიონიანი ინვესტიციების შედეგად აშენდა, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში 167 ათასი დოლარით დაფინანსდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წარმოების გაფართოება.

"ქარხანამ ენერგოეფექტური ნათურების წარმოება 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო, აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქალაქი რუსთავი "მერების შეთანხმებას" მიერთებული ქალაქია, რაც გარკვეული ღონისძიებების გატარებას გვავალდებულებს ატმოსფეროში ნახშიროჟანგის ემისიის შემცირების კუთხით, ამ საწარმოში წარმოებული ენერგოეფექტური ნათურების გამოყენება ბუნებრივია ამაში ხელს შეგვიწყობს. მერების შეთანხმებას სხვა თვითმმართველმა ქალაქებმაც მოაწერეს ხელი და ვიმედოვნებ, რომ რუსთავში წარმოებულ ენერგოეფექტურ ნათურებს ისინიც გამოიყენებენ," - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

AG Microelectronics-ის წარმოების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, ქარხანა ენერგოეფექტური ნათურების გარდა, სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებსაც აწარმოებს, მათ შორის სატელევიზიო მიმღებებს, ძაბვის დამცველებს, მოდემებს, სმარტფონებს, პლანშეტებს, ნეთბუქებს.

საწარმოს ხელმძღვანელობის განცხადებით, 1-ელი მაისიდან საქართველოს ბაზარზე პირველი ქართული ლედ ტელევიზორი გამოჩნდება, ასევე დაგეგმილია მათი საექსპორტოდ აზერბაიჯანში გატანა.