ანგელა მერკელი - მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით წინ რთული მოლაპარაკებები გველოდება

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით წინ რთული მოლაპარაკებები გველოდება, - ამის შესახებ ევროპული გამოცემების ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირი-თურქეთის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მერკელი იმედოვნებს, რომ სამიტი, რომელიც დღეს გაიმართება, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მიგრაციის კრიზისის მოგვარების კუთხით.

მისივე თქმით, სასწრაფოდ აუცილებელია თურქეთთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული "ზომების ცალმხრივად" მიღება.

თავის მხრივ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა იმუშაოს ევროკავშირთან ერთად ევროპაში მიგრანტების ნაკადის შემცირების მიზნით.

მისივე თქმით, ბრიუსელში დღეს დაგეგმილი სამიტის თემა მხოლოდ "არალეგულარული მიგრაციის საკითხი არ იქნება, სამიტზე თურქეთის ევროკავშირში მიღების საკითხსაც განიხილავენ".

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი კი იმედოვნებს, რომ ევროპა გამოსავალს იპოვის.

მისი თქმით, სურს არსებითი შედეგის მიღწევა დღევანდელ შეხვედრაზე იმისთვის, რომ ლტოლვილთა ნაკადის შემცირების გეგმა განხორციელდეს.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირი-თურქეთის სამიტი გაიმართება. შეხვედრაზე ლიდერები სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ანკარამ ევროპის მიმართულებით მიგრანტების ნაკადის შეჩერება უნდა შეძლოს.

ევროკავშირი თურქეთს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, 3 მილიარდ ევროს ჰპირდება.