ამირან გიგუაშვილი - ქონების დაბრუნების გამჭვირვალობისათვის პროკურატურაში საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას

"პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ქონებების დაბრუნების გამჭვირვალობისათვის პროკურატურაში საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას.

როგორც ამირან გიგუაშვილმა განაცხადა, აუცილებელია ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოს, რისთვისაც საჭიროა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების დეპარტამენტთან უფლებადამცველი ორგანიზაციებით და სამართლის ექსპერტებით დაკომლექტებული კომისია შეიქმნას.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება სამართალწარმოების დეპარტამენტში საქმეთა გამოძიების პრიორიტეტულობის განსაზღვრა. პირადად შემიძლია დაგისახელოთ არაერთი განცხადება და საჩივარი, რომელიც სწორედ ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებების დაბრუნებას ეხება და პროკურატურაში წლების მანძილზე თაროზეა შემოდებული. არავინ იცის, ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რომელი მესაკუთრის უფლება როდის უნდა აღდგეს, ან რატომ უნდა დაისაჯონ ან არ დაისაჯონ ის პროკურორები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებმაც თავის დროზე უკანონობა ჩიდინეს. იქნებ მართლაც არ იყვნენ ისინი დამნაშავეები და ეს ყველაფერი არსებული სისტემის ბრალი იყო, ან იქნებ სულაც სწორედ ეს თანამდებობის პირები სარგებლობდნენ ბოროტად სისტემით. მოკლედ ამ შემთხვევაში, კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები და სწორედ ამიტომ ჩამორთმეული ქონების თითოეული დაბრუნების პრეცედენტში არასამთავრობო სექტორი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს," - აღნიშნა გიგუაშვილმა.

მისივე თქმით, პერიოდულად გარკვეული დაზარალებულებისათვის ქონების სატელევიზიო დაბრუნება საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ ეს ყველაფერი უფრო პოლიტიკური პროცესია, ვიდრე სამართალწარმოების ნაწილი, რის გამოც მთელი ამ პროცესის დისკრედიტაცია ხდება.

"ჩვენმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2012 წელს წარუდგინა ხელისუფლებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩამორთმეული ქონებების მედიაციის გზით დაბრუნების პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან და პროკურატურასთან სწორედ ასეთი კომისიის ჩართულობით განცხადებების განხილვას ითვალისწინებდა, თუმცა ეს პროექტიც, ისევე, როგორც სხვა არაერთი მსგავსი შეთავაზება, განუხორციელებელი დარჩა. დღეს მთელი ეს ტვირთი და ათასობით განცხადების შესწავლა დაკისრებული აქვს მხოლოდ პროკურატურაში არსებულ ერთ დეპარტამენტს, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ამიტომ მინიმუმ მათი ეფექტურობის გაზრდისთვის და პროცესში მეტი გამჭვირვალობისათვის მიზანშეწონილი იქნებოდა თუნდაც სამართალწარმოების დეპარტამენტთან საზოგადოებრივი კომისიის შექმნა, რომელიც პროცესის მაქსიმალურ საჯაროობას უზრუნველყოფს", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, 5 დაზარალებულ მოქალაქეს პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობით 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ.