გივი თარგამაძე - რუსული ბანკის ფილიალიდან დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა. ამის შესახებ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კონკრეტული შეკითხვით მიმართა. გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 000 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე-პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი".

რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.

"მიუხედავად იმისა, რომ ის ძებნილის სტატუსით იმყოფებოდა, მშვიდად დააბიჯებდა რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთ-ერთ ბანკს არეკეტებდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მისი "მოღვაწეობა" აღიკვეთა, მან სასჯელი მოიხადა და შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში", - განაცხადა თარგამაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. მათ შორის კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა მშენებლობაზეა ლაპარაკი, რა შეთანხმებაა კრიმინალთან, ასევე რა წარმომავლობისაა ფული, რამდენად იღებს აქედან სარგებელს "კალატოზა" და ა.შ. გივი თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე აღნიშნულ შეკითხვებს ხვალ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე პასუხს გასცემს.