"მემარცხენე ალიანსი" ხელისუფლებას სტუდენტი დედების სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას მოუწოდებს

პოლიტიკური პარტია "მემარცხენე ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სტუდენტი დედების სწავლის დაფინანსება მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - ამის შესახებ პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ჭოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც საშუალო ფენა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, სადაც სოციალურად ჯერ კიდევ დაუცველია ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და აუხდენელი ოცნების სფეროს წარმოადგენს, იყო დასაქმებული, მიზნის მიღწევა რთული ამოცანაა, მით უფრო რთულია ეს სტუდენტებისთვის, რომელთაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის კაბალური გადასახადის გადახდა უწევთ. განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სწავლის საფასურის გადახდის ეს მოდელი ხშირ შემთხვევაში მიუღებელია, ვინაიდან ახალგაზრდა ქალებს არჩევანის წინაშე აყენებს, ოჯახის შექმნასა და სწავლა-განათლებას შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე პოლიტიკური პარტია "მემარცხენე ალიანსი" მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სტუდენტი დედების სწავლის დაფინანსება მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ ეროვნული გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას და ვიზრუნებთ მომავალი თაობის განათლებაზე, რაც ძლიერი ქვეყნის მთავარ პირობას წარმოადგენს", – აღნიშნა პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გვანცა ჭოლაძემ.