ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალთა რაოდენობის მაჩვენებელმა საქართველოში  29%-მდე დაიწია

მსოფლიოში სამიდან ერთ კომპანიას (33%) არც ერთი ქალი არ ჰყავს ხელმძღვანელ პოზიციებზე

ქალთა საერთაშორისო დღეს, 36 ქვეყანაში 5,520 კომპანიის "გრანთ თორნთონის" ყოველწლიური კვლევის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით, ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ქალების პროცენტულ მაჩვენებლებში მცირე ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ ეს მაჩვენებელი 22%-დან 24%-მდე გაიზარდა. თუმცა, კომპანიების მესამედს კვლავ არ ჰყავს ქალები ხელმძღვანელ პოზიციებზე. საქართველოში უფროს ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე ქალბატონების რიცხვი 38%-დან 29%-მდე დაეცა, მაშინ როცა კომპანიათა 26%-ს საერთოდ არ ჰყავთ ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

ამ მხრივ, მსოფლიოში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვთ დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს, სადაც წამყვანი თანამდებობები ქალბატონების მხოლოდ 22%-ს უკავია, ხოლო კომპანიათა 39%-ს კი ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალბატონები საერთოდ არ ჰყავთ. ორი ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა კი არის იაპონია - 7%-ით და გერმანია - 5%-ით.

ამავე დროს, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში ფიქსირდება ხელმძღვანელ ქალთა უმაღლესი პროპორციული მაჩვენებლები - 35% და შესაბამისად - 34%. მხოლოდ ფირმების 16%-სა და 21%-ს საერთოდ არ ჰყავთ ქალები უმაღლეს ხელმძღვანელ პოზიციებზე. ინდივიდუალური ქვეყნების სიას სათავეში უდგას რუსეთი ხელმძღვანელ ქალთა 45%-იანი მაჩვენებლით, მას მოსდევს ფილიპინები - 39%-ით, სადაც კომპანიების მხოლოდ 9%-ს არ ჰყავს ქალები უმაღლეს ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ნელსონ პეტროსიანი, "გრანთ თორნთონ" საქართველოს მმართველი პარტნიორი აღნიშნავს: "განვითარებული ქვეყნების კომპანიებმა უკვე საკმაოდ ბევრი ილაპარაკეს ხელმძღვანელობის გამრავალფეროვნებაზე. დროა, მათი დაპირება საქმედ იქცეს და შედეგები ნათელი გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ მრავალფეროვანი სამუშაო ძალებით კომპანიებს შეუძლიათ ბევრად აჯობონ თავიანთ სწორებს და მოახდინონ ადაპტირება სწრაფად ცვალებად გლობალურ ბიზნეს გარემოში."

"გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის" ბიზნეს ანგარიში (IBR) ასახავს 36 ქვეყნის 10 000-ზე მეტი კომპანიის შეხედულებებისა და მოლოდინების ადეკვატურ შეფასებას. ეს უნიკალური კვლევა მოიცავს უმეტეს ევროპულ მონაწილეთა მონაცემების 22 წლიან პერიოდს და ასევე მრავალი არაევროპული ქვეყნის 11 წლიან პერიოდს.