გია ვოლსკი – კახა კალაძემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განმარტოს, რას წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება

კახა კალაძემ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განმარტოს, რას წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება , - ამის თაობაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის ხვალ დაგეგმილი მოსმენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

"ერთი სურვილი მაქვს, კახა კალაძემ ამ შეხვედრით ისარგებლოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენია ბუნებრივ აირზე მოთხოვნა, რომელია შევსების წყაროები, რა პროცენტული შემადგენლობა აქვს თითოეულ წყაროს გაზმომარაგების მოცულობაში და ერთხელ და სამუდამოდ განმარტოს, რას წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ასევე განმარტოს, როგორ მიმდინარეობდა პროცესი და რა შედეგებზე გავიდა, იყო თუ არა შესაძლებლობა იმისა, მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, არამედ მათი სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ევროპული სახელმწიფოებისთვისაც - კასპიის რეგიონის ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა სწორედ საქართველოზე გადის, ხოლო ენერგორესურსების მოპოვების ადგილი აზერბაიჯანია. აქ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული ამოცანები", - განაცხადა ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ვოლსკის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა, არამხოლოდ არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა ხალხისთვის, არამედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებისთვისაც ჩრდილი მიეყენებინა. დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების ერთ-ერთი მიზანი იყო ქართულ მხარეს მეტი ელაპარაკა აზერბაიჯანის ტექნიკურ შესაძლებლობებზე.

"რუსულ გაზს, როგორც სატრანზიტო გაზს, ჩვენ ყოველთვის მივიღებთ, რადგან ჩვენ ის, როგორც სატრანზიტო ქვეყანას გვეკუთვნის. სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ზეობის პერიოდში იყო, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენი კინაღამ გაიყიდა", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ხვალ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მივა. მინისტრთან ერთად, მის მოადგილეებს მარიამ ვალიშვილსა და ილია ელოშვილსაც მოუსმენენ.

მათი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 11:00 საათისთვის არის დანიშნული.