სასტუმროების მფლობელები წლევანდელი სეზონით უკმაყოფილონი არიან

თხილამურები, თოვლი, ბავშვების ჟრიამული და ხალხმრავლობა - ასეთი სურათი წარმოგვიდგება ყველას, როდესაც საქართველოს ზამთრის კურორტებს ვახსენებთ, თუმცა ამ ზამთარმა ბევრ ადამიანს იმედი გაუცრუა: ბაკურიანსა და გუდაურში მოქმედი სასტუმროების მფლობელები წლევანდელი სეზონით უკმაყოფილონი არიან. ყველაზე მეტად, უშემოსავლო ზამთრის გამო, საოჯახო სასტუმროების მფლობელები ჩივიან: „მსგავსი რამ ჯერ არ მახსოვს, ტურისტები საერთოდ არ მყოლია“, - გვითხრა ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. სასტუმრო „ედელვეისის“ მფლობელმა ნანა ხუციშვილმა კი გულახდილად ისაუბრა თავის პრობლემებზე:

- ვერ ვიტყვი, რომ წელს ხალხი მაღალი ფასის გამო არ გვყოლია: 45 ლარს ვაფასებთ ერთ ნომერს დღეში სამჯერადი კვებით, ეს საკმაოდ კარგი ფასია, მაგრამ დამსვენებლები მაინც პასიურობენ. მთავარი მიზეზი ის არის, რომ თბილი ზამთარი გვქონდა და თოვლი არ იყო. ხელოვნური გათოვლიანება მხოლოდ დიდველზე, სასრიალო ტრასებზეა და ტურისტებიც იქვე, ახლო-მახლო დაბინავებას ამჯობინებენ. მე წელს უცხოელი სტუმრები საერთოდ არ მყოლია. ქართველები კი, შობა-ახალი წლის დღეებში იყვნენ მხოლოდ 10-12 დღით. თუმცა ყველაფერს მარტო უთოვლო ზამთარს ვერ დავაბრალებ: ძალიან ბევრმა, ვინც აქ ადრე დასასვენებლად ჩამოდიოდა, საკუთარი ბინა შეიძინა ახლად აშენებულ კორპუსებში, ახლა ჩამოდიან და საკუთარ ბინაში ჩერდებიან, როდესაც აქ არ არიან - აქირავებენ. გადასახადებს ვიხდით, რამდენიმე სტუმარიც რომ გვყავდეს, გათბობა მთელ შენობაში ჩართული გვაქვს და ჩვენი მწირი შემოსავალი ამხელა ხარჯებს ვერ ფარავს. ერთი სიტყვით, თამამად ვიტყოდი, რომ წელს ძალიან ცუდი სეზონი გვქონდა.

მარიკა ჯიქია - სასტუმრო „ვერე პალასი ბაკურიანის“ მენეჯერი:

- მიუხედავად იმისა, რომ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო გვაქვს, წლევანდელი სეზონი ჩვენთვის სასურველი ნამდვილად არ ყოფილა: 15 იანვრიდან ხალხის ნაკადი ძალიან შემცირდა და ძირითადად, შაბათ-კვირას ვმუშაობდით. ჩემი აზრით, თბილი ზამთარი და დოლარის გაძვირება იყო მიზეზი, რომ წელს ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდანაც არ ჩამოვიდნენ. ძირითადად ადგილობრივი, ქართველი დამსვენებლები გვყავდა, უცხოელები წინა წლებში სულ გვყავდა, ახალი წლის დღეებში სომეხი და აზერბაიჯანელი ტურისტების სიმრავლე იყო, წელს კი ისინიც არ ჩამოვიდნენ.

მარიკა ჯიქიას თქმით, შარშანდელი სეზონი გაცილებით უკეთესი გამოდგა, რადგან უფრო დიდი ზამთარი იყო:

- შარშან ზამთარმაც ხელი შეგვიწყო, თოვლი მარტშიც კი მოვიდა, ახლა კი, ბაკურიანში უკვე გაზაფხულია. თებერვალიც ძალიან თბილი იყო. ალბათ ამიტომ, აზერბაიჯანიდან მხოლოდ ორი ოჯახი გვესტუმრა. ჩვენი ნაცნობები კრიზისის გამო ვერ ახერხებენ დასასვენებლად სადმე წასვლასო - გვითხრეს. ასე რომ, წელს მხოლოდ ქართველი დამსვენებლების იმედად დავრჩით, ქართველები კი უფრო იაფფასიან ბინებს ეძებენ. გადავწყვიტეთ სასტუმრო ორ დღეში დავკეტოთ - მხოლოდ ორი, ან სამი ნომრისთვის კი, ამხელა სასტუმრო ვერ იმუშავებს იმიტომ, რომ ხარჯებს ვერ დავფარავთ.

როგორც გუდაურში მდებარე სასტუმრო „თრუსოს“ მფლობელმა ლევან კარიჭაშვილმა გვითხრა, გუდაურში თოვლი კი არის, მაგრამ ტურისტების სიმრავლე არც იქაურ სასტუმროებში იგრძნობა:

- უნდა ვაღიარო, რომ წლევანდელ სეზონზე სერიოზული პრობლემები გვქონდა: გამომდინარე იქიდან, რომ გუდაურში გაიზარდა საცხოვრებელი კორპუსების და გამქირავებლების რაოდენობა, სასტუმროები მათ კონკურენციას ვეღარ ვუწევთ. ტურისტების ძირითადი მასა ამ კორპუსებში მიდის. ჩვენთან სტუმრები ძირითადად რუსეთიდან ჩამოდიოდნენ, ახლა იქ კრიზისია, თანაც, რუსებმა და უკრაინელებმა აქ ბინები შეიძინეს და იაფად აქირავებენ, დასასვენებლად კი მაშინ ჩამოდიან, როცა სურთ და საკუთარ ბინაში ისვენებენ. ასე იქცევა ბევრი ქართველიც. მათ უფრო დაბალი ფასები აქვთ, რადგან გადასახადებს არ იხდიან, ამიტომ ჩამოსული სტუმრების უმეტესობა ამ კორპუსებს ეტანება. ძალიან იკლო საშუალო სეგმენტმაც, ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ჩამოდიან და იაფ ბინებს ეძებენ. ამ სიტუაციამ სასტუმროები ძალიან დააზარალა.

ინგა ბუქური - საოჯახო სასტუმრო „ქვეშეთის“ მეპატრონე:

- ჩვენი სასტუმრო გუდაურში არ არის, იქამდე 9 კილომეტრით ვართ დაშორებული, თუმცა გუდაური ჩვენგან 10-15 წუთის სავალ გზაზეა. მე მაგალითად, წელს მხოლოდ 10 დღე ვიმუშავე - იანვრის პირველ ნახევარში, იმის შემდეგ გავჩერდი და აღარ მიმუშავია. ტურისტები ახლად აშენებულ კორპუსებში მიდიან, სადაც ოთახები უფრო იაფად ქირავდება: თბილისელებმა გუდაურშიც აიშენეს ამხანაგური ბინები და ასეთი ბიზნესი ააწყეს, ჩვენ დიდი შენობა გვაქვს შესანახი, ამიტომ აქ დანახარჯიც უფრო მეტია. მიუხედავად ამისა, მაღალი ფასები ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ ტურისტები მაინც არ მოდიან. უნდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს სეზონი ჩავარდა, თუმცა ჩემი ნაცნობებიც, ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული, იმავეს იმეორებენ. ძალიან ბევრ სასტუმროს საერთოდ არ ჰყოლია ხალხი. ასე რომ, წელს ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ნამდვილად არ გვქონია შემოსავლიანი და კარგი ზამთარი.

ხათუნა ჩიგოგიძე