სლოვენიამ მიგრანტებისათვის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები დააწესა

სლოვენიამ მიგრანტებისათვის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები დააწესა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საბერძნეთიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებით ე.წ ბალკანეთის მარშრუტის ჩაკეტვის ფარგლებში მიიღო.

სლოვენიაში შესვლის უფლება მხოლოდ იმ მიგრანტებს მიეცემათ, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ ან ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. ამას გარდა, სერბეთმა განაცხადა, რომ ის აპირებს დახუროს საზღვარი მაკედონიასა და ბულგარეთთან იმ ლტოლვილებისათვის, რომლებსაც მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ კვირის დასაწყისში ევროკავშირი-თურქეთის სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დახურავენ ბალკანეთის მარშრუტს და თურქეთი მისი ტერიტორიის გავლით საბერძნეთში გადასულ მიგრანტებს უკან მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს განიცდის. სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპის მიმართულებით მიგრანტთა დიდი ნაკადის გამო შენგენის ზონას საფრთხე დაემუქრა. ამ დრომდე ლტოლვილებისათვის შენგენის ზონის რვა ქვეყანამ გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი, მათ შორისაა ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი.