ილია ელოშვილი - 2016 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ექსპლუატაციაში შევა

2016 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროექტებს შორის არის დარიალის პროექტი, აჭარის პროექტები.

"ჯამში საერთო სიმძლავრე იქნება 414 მეგავატი. ეს არის 707 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ალტერნატიულ ენერგიაზე და აღნიშნა, რომ მათ ხშირად საყვედურობენ, რატომ არ ავითარებენ ალტერნატიულ ენერგეტიკას. ელოშვილის განმარტებით, აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მაღალი ფასი.

"ჩვენ არავის არ ვუშლით ააშენოს ქარის ან მზის სადგური. პრობლემა არის ერთი – ნებისმიერი ასეთი ინვესტორი მოდის ჩვენთან და გვეუბნება, იყიდეთ ჩემს მიერ ნაწარმოები ენერგია. ჩვენ რომ ვეკითხებით ფასებს, მზის შემთხვევაში 14-დან 10 ცენტამდე მერყეობს.

ქარს რაც შეეხება, მას აქვს 2 პრობლემა. ერთი, რომ ის მაინც შედარებით ძვირი რესურსია ჩვენთვის ჰიდროებთან შედარებით. მეორე არის ის, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენ საერთო სისტემაში ქარის ენერგიის 15%-ზე მეტის შეყვანას, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სისტემა ხდება არასტაბილური. ჩვენი რესურსი, რაც გაგვაჩნია ქარის ათვისების კუთხით, არის რამდენიმე ასეული მეგავატი", - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ პირველმა დაიწყო ქარის სადგურის პილოტური პროექტი და ეს უახლოეს პერიოდში დასრულდება.

"ჩვენ გვექნება პირველი ქარის 20 მეგავატიანი სადგური. ეს იქნება უბრალოდ ნიშანი ინვესტორებისთვის. შემდგომში დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები",- განაცხადა ილია ელოშვილმა.