ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა, რატომ არ დაწყებულა "ხუდონჰესის" პროექტი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ წიკლაური დაინტერესდა, რატომ არ დაწყებულა "ხუდონჰესის" პროექტი. წიკლაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ენერგეტიკს მინისტრ კახა კალაძეს უსმენენ, განაცხადა, რომ დღეს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში იმაზეა საუბარი, რაც 3 წლის წინ ამავე სამინისტროს პროგრამაში იყო.

"თქვენ ბრძანეთ დღეს, რომ არცერთი ბიზნესმენი არ შემოიხედავს საქართველოში, თუ საქართველო იქნება ენერგოდამოკიდებული და ეს პრობლემებს შეუქმნის სხვა დარგებსაც. ყველაფერ ამაში შეუძლებელია ადამიანი არ დაგეთანხმოთ. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ - თუ ეს ასეა, რატომ არ დასრულდა ის პროექტები, რომელიც იყო ჩაფიქრებული 3 წლის წინ. ეს არის: ნენსკრაჰესი, ნამახვანჰესი, ჯონეთიჰესი, ტვიშიჰესი, რატომ არ დაწყებულა საერთოდ "ხუდონჰესის" პროექტი, რომელიც 2016 წელს დამთავრებული უნდა ყოფილიყო. რატომ არის შეჩერებული მტკვარჰესის პროექტი და ლუხუმჰესის კასკადი?

არ ფიქრობთ, რომ ამ პროექტების შეჩერებამ დააზარალა ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, გახადა ის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე უფრო მეტად და თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, შეამცირა ინვესტიციები საქართველოში", - განაცხადა წიკლაურმა.