ილია ელოშვილმა პარლამენტში საქართველოს ენერგოდამოკიდებულების შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა

"ქვეყანა, რომელსაც 14 მილიარდ კვტ. საათიანი დეფიციტი გააჩნია, განწირულია უპერსპექტივობისთვის და ნომერ პირველ ამოცანად ამ დამოკიდებულების მოხსნა რჩება" , - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ილია ელოშვილმა კომიტეტებს ქვეყნის ენერგეტიკული მაჩვენებლების პრეზენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, რაც, თავის მხრივ, დეფიციტს შექმნის თუ არ მოხდა იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც ქვეყანას გააჩნია.

"ჩვენთვის მთავარია სწორად დავინახოთ ის მთავარი გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენს დარგს. ცხადი იყო პირველივე დღეებიდან, რომ უდიდესი საფრთხის შემცველია ზამთრისა და შემოდგომის ელექტროენერგიის დეფიციტები, რომელიც ყოველ წელიწადს უფრო და უფრო ღრმავდება. წინა ხუთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო ზრდა იყო 5%. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, ყოველთვის ასახავს ქვეყნის წინსვლას, თუკი ის არ არის გამოწვეული რაიმე დანაკარგებით, რაც ჩვენს შემთხვევაში არ გვაქვს და ასევე არ არის გამოწვეული დატაცებით. 2012 წლის მდგომარეობით ჩვენ გვქონდა 53 ჰიდროელექტროსადგური და სამი თბოელექტროსადგური, რომლისგანაც ჩვენ ელექტროენერგიას ვიღებდით, ხოლო ის დეფიციტები, რომლებსაც ვერ წვდება ეს ჰიდროელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები, შევსებულია იმპორტით. ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთი, მაგრამ ჩვენ შემოგვაქვს ელექტროენერგია ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც. ჩვენ თვალსაჩინოებისთვის დავუშვით - რომ არ აშენებულიყო და არ აშენდეს არცერთი ჰიდროელექტროსადგური - 2030 წელს დეფიციტი მიაღწევს 14 მილიარდ კვტ. საათს. ეს არის რეალურად ის ძირითადი პრობლემა, რომლის ირგვლივაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და მთელი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ქვეყანა არ შევიდეს ასეთ საშიშ ენერგოდამოკიდებულებაში, არა კონკრეტულად ერთი რომელიმე ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ელოშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა არ შევიდეს ასეთ საშიშ ენერგოდამოკიდებულებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქსელის განვითარების გეგმის დამტკიცება, რაც პარლამენტმა უკვე მიიღო და ელოშვილმა ამისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება იმ ნაბიჯებს, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის დგამს, ილია ელოშვილი განმარტავს, რომ დღეს უკვე დასრულებულია 15 ჰესისა და ერთი თბოელექტროსადგურის მშენებლობა, 2016 წელს დაგეგმილია ახალი 12 ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება. მინისტრის მოადგილის თქმით, 2016 წელს ასევე ექსპლუატაციაში შევა 414 მგვტ. სიმძლავრის ექვსი ელექტროსადგური.