კომუნიკაციების კომისიამ "სილქნეტის" საჩივარი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტის" წინააღმდეგ სს "სილქნეტის" საჩივარი განიხილა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, სს "სილქნეტი" სადავოდ ხდიდა შპს "ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტისთვის" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადების (ოფერტის) პირობების დაუცველობას.

"კომისიამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა დავა და დააკმაყოფილა სს ,,სილქნეტის" საჩივარი. წინამდებარე დავაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შპს ,,ფოპტნეტს" განემარტა: შპს ,,ფოპტნეტის" მიერ სს ,,სილქნეტის" საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების სს ,,სილქნეტთან" გაუფორმებლობის შემთხვევაში, სს ,,სილქნეტი" უფლებამოსილია შეწყვიტოს შპს ,,ფოპტნეტთან" ელექტრონული საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურება; იმ შემთხვევაში, თუ ფოპტნეტს აქვს სს ,,სილქნეტისგან" საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების მომსახურების მიღების სურვილი, შპს ფოპტნეტი ვალდებულია: უპირობოდ დაეთანხმოს და შეასრულოს სს ,,სილქნეტის" მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების 2015 წლის 22 სექტემბრის წინადადების პირობები; გააფორმოს ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ხელშეკრულება სს ,,სილქნეტთან" წერილობით", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შპს ,,ფოპტნეტს" დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიისთვის და სს ,,სილქნეტისთვის" ზუსტი ინფორმაციის მიწოდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სს ,,სილქნეტის" კუთვნილ ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში განთავსებულ იმ კაბელებთან დაკავშირებით, რომლითაც უზრუნველყოფილია ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება.