კახა კალაძე - თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ვიდეომასალას, სადაც მე ვსაუბრობ ტარიფების განახევრებაზე

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულეს. ამის შესახებ კახა კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის კითხვას, წინასაარჩევნო დაპირება ტარიფების განახევრებაზე, იყო მიზანმიმართული ტყუილი თუ არ ეყო მთავრობას კომპეტენცია, დანაპირები შეასრულოს.

"მე ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ რაც იყო დადებული პირობა ტარიფების შემცირების თაობაზე, ეს ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა, დღეს გვაქვს განსხვავებული რეალობა, რის გამოც მოგვიწია ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება.

რაც შეეხება განახევრებას, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ვიდეომასალას, სადაც მე გამოვდიოდე და ვსაუბრობდე ტარიფების განახევრებაზე. ასეთი რამ ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, მაშივე დაიწყეს მუშაობა ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით.

კალაძის განმარტებით, მაშინვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სამინისტროს თანამშრომლები, მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები, რომ მოეხერხებინათ ტარიფების შემცირება.

"პირველი იყო ელექტროეენერგიის მიმართულებით დაწყებული მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ ეს წარმატებული იყო, რადგან ჩვენ მოვახერხეთ 4 თეთრით შეგვემცირებინა ელექტროენერგიის საფასური ისე, რომ ეს კომპანიებისთვის არ ყოფილიყო პრობლემა და წინასაარჩევნოდ გაცემული პირობაც ყოფილიყო შესრულებული.

თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ დღეს, უკვე 3 წლის მერე გვაქვს სხვა რეალობა, ქვეყანაში დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში გამოიწვია გარკვეული პრობლემები, სერიოზული პრობლემები შეექმნა ენერგეტიკის დარგს და ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება იყო გარდაუვალი. თუ ეს არ მოხდებოდა, შესაძლებელი იყო მომავალი წლების განმავლობაში საერთოდ ჩამოშლილიყო ენერგეტიკა. ასევე მოხდა ბუნებრივ აირზე ტარიფის 5 თეთრით შემცირება", - განაცხადა კახა კალაძემ.