კახა კალაძე ვარაუდობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი წლის ბოლოსთვის ყველა მოსახლისთვის გათანაბრდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივი აირის ტარიფი ყველა მოსახლისთვის გათანაბრებული იქნება.

ამის შესახებ კახა კალაძემ, დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრ, ზურაბ აბაშიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "ვარკეთილგაზის" მიერ, საკუთარი აბონენტებისთვის, ბუნებრივ აირზე დაწესებული გადასახადის გაზარდას ეხებოდა. კალაძემ განმარტა, რომ ლიცენზიანტი კომპანიები, როგორიც არის "ვარკეთილგაზი", პრობლემებს ქმნიან.

"ვარკეთილგაზი" ლიცენზიანტი კომპანიაა და ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში გვყავს ასეთი კომპანიები, რადგან ეს კომპანიები ქმნიან პრობლემებს. 2008-2009 წლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ გაცემულიყო ლიზენციები, რათა დაჩქარებულიყო გაზიფიცირების სამუშაოები, რადგან მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ "სოკარი" ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს აქაც არის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ძალიან დიდია მოთხოვნა გაზიფიცირების სამუშაოების. გადაწყვეტილების თანახმად, ლიცენზიანტი კოპანიები თვითონ განახორციელებდნენ გაზიფიცირების სამუშაოებს და შესაბამისად, განხორციელებული ინვესტიციები იქნებოდა ასახული ტარიფში. დღეს ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა ანალოგიურ მაგალითად, როგორიცაა "ვარკეთილგაზი", მუხიანის შემთხვევაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ აბონენტთა ნაწილს "მუხიანგაზი" ემსახურება და ნაწილს "ყაზტრანსგაზ-თბილისი". მინისტრმა განმარტა, რომ ერთ მეზობელს შეიძლება ჰქონდეს ერთი ტარიფი, მეორეს კი უფრო მაღალი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. კალაძემ ასევე დასძინა, რომ ანალოგიური პრობლემებია რეგიონებში.

"სამცხე-ჯავახეთში გვაქვს ანალოგიური პრობლემა - ბორჯომში, ბაკურიანში, სადაც მოსახლეობა იმაზე მეტს იხდის, ვიდრე თბილისში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. ამიტომ სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა, რომ მოხდეს ტარიფების გათანაბრება, რათა ყველა ქალაქსა თუ რაიონში მოსახლეობამ თანაბრად გადაიხადოს ბუნებრივი აირის საფასური. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება ამის განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.