ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში წარადგენს

ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისი ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

"ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს", - წერს ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ წინადადებით ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს უნდა მიმართოს.