კახა კალაძე - დოკუმენტაცია მომაწოდეს, რომ გივი თარგამაძის სახელზე ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, მეტსახელად "ბუღამ" რუსეთიდან გადმორიცხა თანხა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შოუს მოწყობა სცადა, მათი განცხადებები მხოლოდ სიცრუეს და დემაგოგიას ეფუძნებოდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათი მისამართით არაერთხელ გააკეთა განცხადება კონსტრუქციული თანამშრომლობის თაობაზე, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დემაგოგიის ფორმატშია ჩარჩენილი".

კახა კალაძე დეპუტატ გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ ბრალდებასაც გამოეხმაურა და მას იუმორით უპასუხა.

"გუშინ ღამით მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა გააკეთა, მეტსახელად ბუღამ. ბანკი არის "სულს ამოგხდით", გადმორიცხულია 745 000, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია "ბოლო გაფრთხილება". თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე. ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების ბოლოს კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს იმიტირებული გადარიცხვის ფურცელიც აჩვენა.